ამერიკელ მოციგურავეს მეტოქის განგებ დაშავებაში ადანაშაულებენ
ამერიკელ მოციგურავეს მეტოქის განგებ დაშავებაში ადანაშაულებენ

იაპონურ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. ამერიკელი სპორტსმენი მერაია ბელი მეტოქისთვის ტრავმის მიზანმიმართულად მიყენებაში დაადანაშაულეს. ინციდენტი მოკლე პროგრამამდე, ვარჯიშის დროს მოხდა. ბელი სამხრეთ კორეელ ეიუნსუ ლიმს დაეჯახა და ციგურით ფეხი გაუჭრა.

სამხრეთ კორეის დელეგაციამ ამერიკელის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მათი განცხადებით, ლიმი ბარიერთან ძალიან ახლოს სრიალებდა და ხელს არავის უშლიდა, ბელი კი მას განგებ დაეჯახა და ტრავმა მიაყენა.
სამხრეთ კორეელმა მოციგურავემ მოკლე პროგრამა მაინც შეასრულა და მეხუთე ადგილზე გავიდა. ბელმა მეექვსე პოზიცია დაიკავა.

სპორტსმენებს შორის მომხდარ ინციდენტს ინტერნეტ სივრცეში გამოხმაურება მოჰყვა. ამ ამბავმა ბევრს ტონია ჰარდინგისა და ნენსი კერიგანის ისტორია გაახსენა.