ამდენ ფულს ვიხდით, ის კი ბურთს ორი მეტრიდან აცილებს - ქეცბაია ჩამორჩენის მიზეზებზე ალაპარაკდა #1TVSPORT
ამდენ ფულს ვიხდით, ის კი ბურთს ორი მეტრიდან აცილებს - ქეცბაია ჩამორჩენის მიზეზებზე ალაპარაკდა #1TVSPORT

ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გასვლაზე ლიდერ „აპოლონთან“ ფრედ (1:1) დაასრულა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შედეგით მაინც უკმაყოფილი და იმედგაცრუებული დარჩა.

საქმე ისაა, რომ მისი გუნდი 1:0-ს იგებდა და პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ვერ გამოიყენა, მეტოქემ კი ანგარიში გაათანაბრა და „ანორთოსისმა“ 3 ქულა ვერ მოიპოვა, რის გამოც გუნდი მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

„რა შემიძლია ვთქვა. ლიმასოლში, მიმდინარე სეზონში ორ თამაშში ოთხი ქულა დავკარგეთ. არადა, ვფიქრობ, რომ ორივეჯერ მოგება დავიმსახურეთ. სამწუხაროდ, ამ დაკარგულმა ქულებმა ძალიან უკან დაგვხია, როცა შეგვეძლო ლიდერებში ვყოფილიყავით. იმედგაცრუებულები ვართ“, – ამბობს ქეცბაია.

ფამაგუსტას გუნდის ქართველი მწვრთნელი გამოუყენებელი შანსებითაც გაღიზიანებულია. პენალტის გარდა, 78-ე წუთზე სერბმა თავდამსხმელმა მილოშ დელეტიჩმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

„პენალტი რომ გაგვეტანა და ანგარიში 2:0 გაგვეხადა, ქულების მოპოვება უფრო ადვილი იქნებოდა. მაგრამ ის, რაც დელეტიჩმა გააკეთა, დაუჯერებელი და დაუშვებელია. იმდენ ფულს ვიხდით, ასეთი გამოცდილი მოთამაშე რომ მოვიყვანოთ, ის კი, 2 მეტრიდან აცილებს და ასეთ შანსს კარგავს. ამ სეზონში საკუთარი შეცდომების გამო ვართ მეხუთე ადგილზე, თორემ პირველ ადგილთან ძალიან ახლოს ვიქნებოდით. თუმცა, სანამ არის შანსები, ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ასეთ თამაშებში გასვლაზე ქულებს საკუთარი შეცდომების გამო რომ ვკარგავთ, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით ახლა, პლეი ოფის ეტაპზე” – უკმაყოფილებას არ მალავს ქართველი სპეციალისტი.