ამბები მადრიდის „რეალიდან“ - ფლორენტინო პერესი დაავადდა, ზიდანს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება უშველის
ამბები მადრიდის „რეალიდან“ - ფლორენტინო პერესი დაავადდა, ზიდანს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება უშველის

მადრიდის „რეალი“ გამოვიდა ოფიციალური განცხადებით იმის შესახებ, რომ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნავენ, რომ 73 წლის პერესის ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

უფრო ადრე, კორონავირუსი გადაიტანეს „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა და რამდენიმე ფეხბურთელმა.

სხვათა შორის, ზიდანი უკვე გამოჯანმრთელდა კორონავირუსის შემდეგ და სამშაბათს, გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

გაზეთ AS-სთვის ცნობილი გახდა, რომ ფრანგი სპეციალისტის მომავალი „რეალში“ დამოკიდებული იქნება გუნდის წარმატებულ გამოსვლაზე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

ესპანეთის თასიდან და ესპანეთის სუპერთასიდან გამოვარდნისა და პრიმერაში „ატლეტიკოსთან“ 10-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, „რეალს“ ამ სეზონში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვს.

იმისთვის, რომ პოსტიდან გაშვება აიცილოს თავიდან, ფრანგმა სპეციალისტმა აუცილებლად უნდა მოიგოს წელს მთავარი ევროტურნირი.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალი“ „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩები 24 თებერვალსა და 10 მარტს გაიმართება.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ „რეალის“ ბოლო ვარჯიში გამოტოვა ნახევარმცველმა ედენ აზარმა. ამის მიზეზი გახდა კუნთის გადატვირთვა. ჯერჯერობით, არაფერი წერია იმის შესახებ, როდის დაუბრუნდება ვარჯიშებს ბელგიელი ფეხბურთელი.