ამაშუკელის კიდევ ერთი აღიარება - ქართველი არბიტრი ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში იმსაჯებს #1TVSPORT
ამაშუკელის კიდევ ერთი აღიარება - ქართველი არბიტრი ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში იმსაჯებს #1TVSPORT

ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი 7 აპრილს დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში ირლანდიური „ლენსთერისა“ და ინგლისური „ლესთერ თაიგერსის“ მატჩის მთავარი მსაჯი იქნება.

„ირლანდიური „ლენსთერისა“ და ინგლისური „ლესთერ თაიგერსის“ დაპირისპირება ამ ტურნირზე ერთ-ერთი ცენტრალურია და სასიამოვნოა, მსოფლიო რაგბისგან და ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბისგან ასეთი ნდობა რომ დავიმსახურე. შეხვედრა „ავივაზე“ გაიმართება, სადაც გარანტირებულად იქნება 54 ათასი გულშემატკივარი. „ლენსთერის“ შემადგენლობის 60-70% ირლანდიის ნაკრების მოთამაშეები არიან. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული, მებრძოლი გუნდია „თაიგერსიც“ და დიდი ბრძოლა გაიმართება. ეს იქნება ტესტმატჩის დონის რაგბი და შესაბამისად ვემზადები“, – ამბობს ამაშუკელი.

მაისში გადაწყდება, რომელი მსაჯები მოემსახურებიან 2023 წლის მსოფლიო თასს და ნიკას აქვს ყველანაირი შანსი, გახდეს პირველი ქართველი რეფერი, რომელიც მსოფლიო ფორუმზე იმსაჯებს.

„მსოფლიო რაგბის სამსაჯო მენეჯმენტი მაისის დასაწყისში შეიკრიბება და იმ 19 მსაჯის ვინაობას დაასახელებს, რომლებიც მსოფლიო თასს მოემსახურებიან. აქედან 12 ცენტრალური და შვიდი გვერდითი მსაჯი იქნება. იმედს ვიტოვებ, რომ მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიქნები. ბოლო წლებში ამ მიზნის მისაღწევად ბევრი ვიშრომე, სტრესი გამოვიარე და იმედი მაქვს, დამიფასდება. მანამდე კი ჩემპიონთა თასის შეხვედრაა. ვეცდები, მსოფლიო რაგბისა და ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ნდობა გავამართლო და გუნდებსა და გულშემატკივარს მაღალი სტანდარტი შევთავაზო“, – განაცხადა ამაშუკელმა.