ამანდა ნუნესი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა
ამანდა ნუნესი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

ამანდა ნუნესმა 7 ივნისს, ლას ვეგასში (UFC 250) ფელიცია სპენსერი დამაჯერებლად დაამარცხა და კარიერაში პირველად დაიცვა ქვემსუბუქი (featherweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული. დომინანტური გამარჯვების შემდეგ ბრაზილიელმა მებრძოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ნუნესის განცხადებით, ის 2020 წელს ოქტაგონზე ასვლას აღარ აპირებს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვეში ამანდა მშობელი გახდება და სურს, მეტი დრო ოჯახს დაუთმოს.

მოგვიანებით, ბრაზილიურ ტელეგადაცემაში სტუმრობისას (Esporte Espetacular) ნუნესმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.

„ნამდვილად არ ვიცი რა მელის წინ. მე ყველაფერს მივაღწიე ჩემს კარიერაში. ყველას დავუმტკიცე, რომ პლანეტაზე საუკეთესო მებრძოლი ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ დადგა დრო კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო. შესაძლოა, მოღვაწეობა მწვრთნელის რანგში გავაგრძელო და მომავალ თაობას წარმატების მიღწევაში დავეხმარო. მე დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს. ცხოვრება გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ბევრი საინტერესო რამ მელოდება“, – განაცხადა ნუნესმა.