ალვარო მორატამ „ატლეტიკოსთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია
LONDON, ENGLAND – JANUARY 02: Alvaro Morata of Chelsea heads the ball past Jan Bednarek of Southampton during the Premier League match between Chelsea FC and Southampton FC at Stamford Bridge on January 2, 2019 in London, United Kingdom. (Photo by Clive Rose/Getty Images)
„ჩელსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და დიდი ალბათობით კარიერას სწორედ ამ გუნდში გააგრძელებს, იტყობინება ბი-ბი-სი (BBC) ესპანელ საფეხბურთო ექსპერტ გილემ ბალაგუეზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები „იუვენტუსიდან“ გონსალო იგუაინის გადაბირებას გეგმავენ და მორატას წასვლაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ მორატა „ჩელსიმ“ 2017 წელს შეიძინა და მასში კლუბისთვის სარეკორდო (იმ დროისთვის) თანხა – 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.
მიუხედავად ამისა, წელს ესპანელს საუკეთესო სეზონი არ უდგას. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში, მან „ჩელსის“ მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა, თუმცა ბოლო შვიდი საპრემიერლიგო მატჩიდან მოედანზე მხოლოდ ორ შემთხვევაში ვიხილეთ.
ზემოხსენებული ესპანელი ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ თავდაპირველად მორატამ სიტყვიერ შეთანხმებას „სევილიასთან“ მიაღწია, თუმცა, როგორც კი „ატლეტიკო“ დაუკავშირდა, მადრიდელების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
რაც შეეხება თავად „ატლეტიკოს“, გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი ნიკოლა კალინიჩსა და ჯელსონ მარტინშს გაყიდის.