ალვარო მორატა - „ატლეტიკოში“ კარიერის ბოლომდე მინდა დარჩენა
ალვარო მორატა - „ატლეტიკოში“ კარიერის ბოლომდე მინდა დარჩენა

„ჩელსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა, რომელიც ამჟამად იჯარით თამაშობს „ატლეტიკოში“, აცხადებს, რომ კარიერის დასრულება სწორედ მადრიდულ კლუბში სურს.

26 წლის მორატა „კოლჩონეროსს“ 18-თვიანი იჯარით იანვარში შეუერთდა და „ლა ლიგაში“ ჩატარებულ 17 თამაშში ექვსი გოლი გაიტანა.

„ჩელსიში“ ის 2017 წელს „რეალ მადრიდიდან“ გადავიდა, როდესაც ინგლისურმა კლუბმა მასში 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. „სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებული წელიწადნახევრის განმავლობაში, მორატამ 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 24 გოლი გაიტანა.

„ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ აქ დარჩენა მსურს“, – განუცხადა მორატამ ესპანურ გამოცემა „მარკას“, – „აქაურობის დატოვება აზრადაც არ მომსვლია და მინდა, ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს. აქ ბედნიერი ვარ და პროფესიული კარიერის დასრულებამდე მინდა დავრჩე. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე მოვაწერდი ხელს კონტრაქტს ატლეტიკოსთან“.

მადრიდული კლუბი წელს „ლა ლიგაში“ მეორე ადგილზე გავიდა და 15 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ბარსელონას“.