ალვარო არბელოას „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება ემუქრება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა, შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვონ, – წერს ინტერნეტგამოცემა The Athletic-ი.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 4:6 წააგო „ბაიერნთან“ და ტურნირს გამოეთიშა.
ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდული კლუბი ცხრა ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“ და ამ შედეგების ფონზე „რეალის“ ხელმძღვანელობა აპირებს სამწვრთნელო გადაადგილებებს. თუმცა აღნიშნავენ, რომ ცვლილებები მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.
The Athletic-მა დაასახელა არბელოას ოთხი სავარაუდო შემცვლელი. კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან აფასებს იურგენ კლოპის კანდიდატურას, მაგრამ მხარეებს შორის კონტაქტი ჯერ არ ყოფილა. „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ასევე აფასებს ზინედინ ზიდანს, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
ასევე „რეალი“ განიხილავს აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოსა და საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლის, დიდიე დეშამის კანდიდატურებს.