ალექსის სანჩესის „ინტერში“ გადასვლა მარსიალის ტრავმის გამო გადაიდო
ალექსის სანჩესის „ინტერში“ გადასვლა მარსიალის ტრავმის გამო გადაიდო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარსიალის ტრავმის სერიოზულობის შესახებ ინფორმაციას დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, გაუშვას თუ არა ალექსის სანჩესი მილანის „ინტერში“, იუწყება „ესპნ“ (ESPN) ინგლისურ გრანდთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

ფრანგმა ლეგიონერმა მარცხენა ბარძაყი „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში (1-2) დაიზიანა და გამოკვლევები ამ კვირის ბოლომდე უნდა ჩაიტაროს. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთებზე მარსიალი თითქმის ვეღარ მოძრაობდა ტკივილის გამო, თუმცა მოედანზე საფინალო სასტვენამდე დარჩა, რადგან ოლე გუნარ სოლსკიაერს მეტი ცვლილების გაკეთების უფლება არ ჰქონდა.

ეს ძალიან ცუდი ამბავი გამოდგა გუნდის კიდევ ერთი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესისთვის, რომელიც 2 სექტემბრამდე (სატრანსფერო ფანჯრის დახურვის თარიღი) მილანის ინტერთან შეთანხმების მიღწევას იმედოვნებდა.

მილანური გუნდი ცდილობს, რომ ჩილელი ფორვარდი იჯარის წესით აიყვანოს, მომავალ სეზონში მისი შეძენის ოპციით, რაც იმას ნიშნავს, რომ სანჩესის ხელფასის (კვირაში 391 000 ფუნტი სტერლინგი) ნახევარი მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უნდა იხადოს.

თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი აირია, რადგან მანჩესტერელები სანჩესის საკითხზე გადაწყვეტილებას მხოლოდ იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რამდენი ხანი გაუცდება მარსიალს ტრავმის გამო.