ალექსის მაკ ალისტერი - გუნდური მოთამაშე ვარ და ამის ჩვენებას „ლივერპულშიც“ ვაპირებ #1TVSPORT
ალექსის მაკ ალისტერი - გუნდური მოთამაშე ვარ და ამის ჩვენებას „ლივერპულშიც“ ვაპირებ #1TVSPORT

„ლივერპულმა“ არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონის, ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ფეხბურთელი მედიას წარუდგინა. მერსისაიდულმა გრანდმა „ბრაიტონს“ ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

„ლივერპულის“ მოთამაშის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე მაკ ალისტერმა განაცხადა, რომ ტრანსფერით ძალიან ბედნიერია და ახალ გუნდში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებას გეგმავს.

„შესანიშნავი პერიოდი გამოვიარე „ბრაიტონთან“ და არგენტინის ნაკრებთან ერთად. ახლა აქ ყოფნა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა, სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. „ბოკა ხუნიორსში“ ვთამაშობდი, ეს გუნდი კი „ლივერპულს“ ძალიან ჰგავს, გულშემატკივრები მუდამ ფეხბურთელების გვერდით არიან.

მოედანზე ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მარტივად ვითამაშო, დავეხმარო თანაგუნდელებს შეტევასა თუ დაცვაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გუნდური მოთამაშე ვარ და ამის ჩვენებას „ლივერპულშიც“ ვაპირებ“, – განაცხადა მაკ ალისტერმა.

24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონიდან იგი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.