ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო]

ევროპის ჩემპიონატების სამგზის პრიზიორი ქართველი ძიუდოისტი – ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. ქართველმა ფალავანმა უძლიერსის ტიტული მძიმე წონაში მოიპოვა, ფინალურ შეხედვრაში მან პოლონელი – მატეკ გლოდეკი დაამრცხა.

მექსიკის ქალაქ კანკუნში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ასპარეზობა ათ ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს, ჯამში ხუთი კონტინენტის 45 ქვეყნიდან თავი 789 ექსძიუდოისტმა (663 კაცი/126 ქალი) მოიყარა.  დარეგისტრირებულთა სიაში ცხრა ქართველიც იყო, რომელთაგანაც დღეს მძიმეწონოსანმა  – ალექსი დავითაშვილმა საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

44 წლის ალექსი დავითაშვილს კარიერის საუკეთესო წლები 21-ე საუკუნის დასაწყისში ჰქონდა, თუმცა პირველი ევროპული მედალი – ბრინჯაო, 1994 წელს – ოცი წლის ასაკში აიღო. ამის შემდეგ, იგივე შედეგი კიდევ ორჯერ – 2000 და 2001 წლებში გაიმეორა. გარდა ამისა, 2000 წელს სიდნეის ოლიმპური თამაშების მონაწილეც იყო.

ამ ყველაფრის პარალელურად, დავითაშვილი ერთი რეკორდის ავტორიცაა: მას საქართელოს აბსოლუტური ფალავანის ტიტული, ყველაზე მეტჯერ – ცხრაჯერ (!) აქვს მოპოვებული.