ალექსეი ნავალნის პრესსპიკერი ომსკის კლინიკის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, წინააღმდეგობა არ გაუწიონ პოლიტიკოსის სხვა კლინიკაში გადაყვანას
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერი მოუწოდებს ომსკის კლინიკის ხელმძღვანელობას, წინააღმდეგობა არ გაუწიონ პოლიტიკოსის სხვა კლინიკაში გადაყვანას. ამის შესახებ განცხადება კირა იარმიშმა სოციალური ქსელ „ტვიტერით“ გაავრცელა.
ვიდეომიმართვაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პრესსპიკერი ამბობს, რომ ნავალნის სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა აუცილებელია, რადგან ომსკის კლინიკაში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, რათა პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდეს. მისივე თქმით, ეს აუცილებელია ოპოზიციონერის უსაფრთხოებისთვისაც.
„ნავალნის ტრანსპორტირების საკითხს ვაკონტროლებთ. მადლობა ყველას დახმარების შემოთავაზებისთვის, თუმცა ახლა ჩვენ ნავალნის გადაყვანისთვის საჭირო ყველა რესურსს ვფლობთ“, – განაცხადა ოპოზიციონერის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. თვითმფრინავი ომსკში დაჯდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები და ახლობლები ეჭვობენ, რომ ნავალნი მოწამლულია. თუმცა, ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. სამედიცინო პერსონალის შეფასებით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.