ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე, შვიდ რუს მაღალჩინოსანსა და 14 იურიდიულ პირს აშშ-მა სანქციები დაუწესა
ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე, შვიდ რუს მაღალჩინოსანსა და 14 იურიდიულ პირს აშშ-მა სანქციები დაუწესა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შვიდ რუს მაღალჩინოსანსა და 14 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის დასკვნით, 2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის უკან რუსეთის მთავრობა დგას. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული პირველი სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით განხორციელდა. თუმცა, აშშ-ის სასანქციო სიაში მოხვედრილ პირთა ვინაობა ამ ეტაპისთვის უცნობია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც. კერძოდ, რუსეთის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს, ეროვნული გვარდიის უფროს ვიქტორ ზოლოტოვს და ფედერალური პენიტენციური სერვისების დირექტორ ალექსანდრ კალაშნიკოვს. აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული მათი ანგარიშები გაიყინება.