ალექსანდრე რაქვიაშვილი - ყველა ადეკვატური პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ ძალა არ უნდა გამოვიყენოთ და მშვიდობიანად დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან თუ ოსებთან
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ყველა ადეკვატური პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ ძალა არ უნდა გამოვიყენოთ და მშვიდობიანად დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან თუ ოსებთან

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩი“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ემიჯნება მოწოდებებს, რომ სიტუაცია უკრაინაში გამოყენებული იყოს ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებისათვის და აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორიები მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ.

„ზოგადად, მედიაში და პოლიტიკურ სივრცეში ბევრი დისკუსია გვქონდა აფხაზეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ჩემი აზრით, საშიში მოწოდებების გამო, რომ სიტუაცია უკრაინაში იმისათვის გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ძალით დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. მე მგონი, ყველა ადეკვატური პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ ძალა არ უნდა გამოვიყენოთ და მშვიდობიანად უნდა დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან თუ ოსებთან და მშვიდობიანად დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ წევრმა კოლეგებს მიმართა: „პრობლემა არის ის, რომ ამ დეკლარაციების იქით, რომ ჩვენ მშვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, არ იწყება საგნობრივი დისკუსია მართლა რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ“. მან კოლეგებს ამასთანავე მოუწოდა, რომ ერთად დაფიქრდნენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს შესთავაზონ ისეთი წესრიგი, ისეთი საზოგადოება, რომელიც მათ ჩვენკენ, ჩვენთან თანაცხოვრებისკენ გადმოადგმევინებს ნაბიჯებს.

„მე მოგიწოდებთ, რომ გარდა ზოგადი დეკლარაციებისა, მოდით დავფიქრდეთ, როგორ ქვეყანაში გვინდა,  ვიცხოვროთ, რომ მერე ეს ქვეყანა არა მარტო ჩვენ მოგვეწონოს, არამედ ჩვენს მეზობლებსაც და იმ თანამოქალაქეებს, რომელთაც ჩვენთან კონფლიქტი აქვთ ამ მომენტში“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.