ალექსანდრე მოწერელია - „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია ახალი პარტიის ჩამოყალიბების და პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყო
ალექსანდრე მოწერელია - „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია ახალი პარტიის ჩამოყალიბების და პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყო

დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

გიორგი გახარიას გუნდის წევრი ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ფაქტს არც მალავს.

„მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ, თანამდებობის პირებს, არამედ ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკს, რომელიც აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან. თან, ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია „ქართული ოცნებისა“ და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. „ქართული ოცნება“ ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ გადაწყვეტილებებით და ეს სიკეთეს ვერ მოუტანს მათ. ქართველმა ერმა რეპრესიებს, დევნას ერთხელ და სამუდამოდ უარი განუცხადა. მინდა, მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ – ნუ დაემსგავსება მის წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს გზა ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში.

ეს საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები და თანამოაზრეობის გამო ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია. თუ ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა ამ ადამიანებს, შეუძლიათ წარმოადგინონ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აგონიაშია, ძალიან ეშინია ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და შესაბამისად, დაიწყო პოლიტიკური ნიშნით დევნა“, – განაცხადა მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, იმ ადამიანებს, რომელთაც დაატოვებინეს თანამდებობები, სურვილი თუ ექნებათ, იყვნენ მათი პარტიის რიგებში, ისინი ამ საკითხს განიხილავენ.

„ვემიჯნებით რადიკალიზაციას და იმ რადიკალურ მიდგომებს, რაც არსებობს დღეს პოლიტიკურ პარტიებში. ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ექნება ჩვენი ერისათვის მსახურების სურვილი, ვითანამშრომლებთ და დაველაპარაკებით“, – განაცხადა მოწერელიამ.

დღეს გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ზურა როსებაშვილმა ხაშურის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა. თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც. ამასთან, თანამდებობები დატოვეს ფოთის მერის მოადგილეებმა, პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ. დღესვე გადადგნენ მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია და სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი.

დატოვე კომენტარი