ალექსანდრე მერკვილაძის 20 ქულა „კორტრეიკთან“ შეხვედრაში #1TVSPORT
ნიდერლანდებისა და ბელგიის ერთობლივი ჩემპიონატის (BNXT League) პირველ ტურში ალექსანდრე მერკვილაძის გუნდმა, „გრონინგენმა“ სტუმრად „კორტრეიკი“ 85:76 დაამარცხა.
ქართველი ფორვარდი თამაშში თავიდანვე ჩაერთო და პარკეტზე 33:42 წუთი დაჰყო. მას ორმაგ დუბლამდე სულ მცირე დააკლდა – შეხვედრა 20 ქულით, 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. მერკვილაძემ 9-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.
მომავალ მატჩს „გრონინგენი“ შინ, 6 ოქტომბერს ჩაატარებს და გაერთიანებული ლიგის ეგიდით კიდევ ერთ ბელგიურ გუნდს – „ლიოვენს“ დაუპირისპირდება.