ალექსანდრე კალანდაძემ პლოცკის „ვისლასთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

10:20, 03.07.2025

„დინამო თბილისსა“ და პლოცკის „ვისლას“ შორის ალექსანდრე კალანდაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და 24 წლის მცველი კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს, – ინფორმაციას ორივე კლუბი ადასტურებს.

„„პლოცკის „ვისლას“ ახალი მოთამაშე ჰყავს — 24 წლის ქართველი მცველი ალექსანდრე კალანდაძე. ფეხბურთელის კონტრაქტი ძალაშია 2027 წლის 30 ივნისამდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტით“, – ნათქვამია „ვისლას“ ოფიციალურ განცხადებაში.

კალანდაძე 2001 წლის 9 მაისს თბილისში დაიბადა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. ის „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და პროფესიულ ფეხბურთში სადებიუტო მატჩი უნგრული „დიოშდიორის“ რიგებში იჯარით თამაშისას ჩაატარა.

მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ სანდრო მალევე გახდა ძირითადი შემადგენლობის წევრი. 2022 წელს „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2023 წელს — სუპერთასის მფლობელი, ხოლო 2024 წლის სეზონში გუნდის კაპიტანი იყო.

2025 წლის დასაწყისში 188 სმ სიმაღლის მცველი იჯარით უნგრულ „ფეჰერვარში“ გადავიდა, სადაც 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, კალანდაძემ ორი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2023 წელს მან ითამაშა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და ყველა შეხვედრაში მოედანზე იყო.

მსგავსი