ალექსანდრე კალანდაძე „ფეჰერვარში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის - ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა დაადასტურა #1TVSPORT
ალექსანდრე კალანდაძე „ფეჰერვარში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის - ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა დაადასტურა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის ყოფილი კლუბი, უნგრული „ფეჰერვარი“ „დინამო თბილისის“ კაპიტნით, 23 წლის ალექსანდრე კალანდაძით დაინტერესდა, მტკ-ში შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ცნობა კი არ დადასტურდა – ინფორმაციას ვებგვერდი NB1.hu ავრცელებს.

„„ფეჰერვარი“ საქართველოს ნაკრების მცველის, ალექსანდრე კალანდაძის შეძენით დაინტერესდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იჯარით „დიოშგიორში“ გამოდიოდა, მაგრამ მთავარ გუნდში მხოლოდ ერთხელ, „ბეკესჩაბასთან“ უნგრეთის თასზე ითამაშა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი მცველის შეძენა მტკ-საც სურდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს კლუბი ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავს“, – ამტკიცებს NB1.hu.

ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა კალანდაძის მენეჯერთან, ლაშა ოდილაძესთან გადაამოწმა, რომლმაც განაცხადა, რომ სანდრო „ფეჰერვარში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ეს ის კლუბია, სადაც ორი წლის წინ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე თამაშობდა.

23 წლის კალანდაძემ ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ჯამში, 35 მატჩი ჩაატარა. სანდრო 2023 წელს გამართულ 21-წლამდელთს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკლების შეუცვლელი მოთამაშე იყო. იგი ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია და „ჯვაროსნების“ ფორმით ორი შეხვედრა ჩაატარა.

Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 400 000 ევროა.

კალანდაძე 2020-2021 წლებში, გიორგი ომარაშვილთან ერთად, „დიოშგიორში“ სტაჟირებაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი „დინამო თბილისში“ დაბრუნდა.