ალექსანდრე იაშვილი - ქალთა ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - ქალთა ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი საქართველოს ქალთა ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშს დაესწრო და გუნდს ახალ საკვალიფიკაციო ციკლში წარმატება უსურვა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო, როდესაც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ისტორიაში პირველად, ქალი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში. ირის ანტმანმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, რაც ერთა ლიგის მატჩებში გამოჩნდა.

ქალთა ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, კარგი თამაშები ჩაატარეს და დიდი მოლოდინით ველოდები ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებას. ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, რამდენად კარგად შეუძლიათ თამაში.

ასევე, ვთხოვ გულშემატკივარს, მოვიდნენ ხვალინდელ მატჩზე. მათ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ ეს, რადგან ყველაფერს აკეთებენ ნაკრების წარმატებისთვის“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.