ალექსანდრე იაშვილი - მიხარია, რომ სამივე წარმატებულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელები შევინარჩუნეთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთეს თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივებაზე.
ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი – „როდესაც საქართველოში ჩამოვედი, მსურდა შემექმნა გუნდი, რომელიც თავდაჯერებული იქნებოდა, ფეხბურთელებს კი ეყვარებოდათ საკუთარი საქმე და ქვეყნის სახელით თამაშით ბედნიერები იქნებოდნენ. რაც მთავარია, ექნებოდათ წარმატების რწმენა. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.
განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებთან ერთადაც გარკვეული მიზნები დავისახეთ. ვიმედოვნებ, მომავალ წელს ოცნებას ავისრულებთ – გვსურს, რომ ჯგუფში საუკეთესო გუნდი ვიყოთ და B ლიგაში გადავიდეთ.
ერთა ლიგას თებერვალში ვიწყებთ. აქამდე წლის ამ პერიოდში ოფიციალური მატჩები არასდროს გვითამაშია და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის. თუმცა, აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ ეს სირთულეები დავძლიოთ. ვენდობი ფეხბურთელებს, მჯერა მათი შესაძლებლობების და იმედი მაქვს მიზანს მივაღწევთ“.
ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი – „წარმატებული წელი გვქონდა, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ფეხბურთში. ეროვნული ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური სპორტული პრინციპით მოიპოვა. ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში, რაც დიდი წარმატებაა. წარმატებული სეზონი ჰქონდათ ქალთა ასაკობრივ ნაკრებებს.
მიხარია, რომ მოვახერხეთ და მთავარი მწვრთნელები სამივე ნაკრებში შევინარჩუნეთ. წინ კიდევ უფრო დიდი გზა გველის. ირის ანტმანი საოცარ სამუშაოს ატარებს, მან ქალთა ნაკრები განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა და ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა. უდიდესი სიამოვნებაა მათი ყურება ვარჯიშებსა თუ თამაშებზე. 2025 წელს, ქალთა ეროვნული ნაკრების მიზანი ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვების მოპოვებაა“.