ალექსანდრე იაშვილი - გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი სიტყვა ვთქვათ და კიდევ ერთ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსნადრე იაშვილმა, რომელიც სანაკრებო მიმართულებს ხელმძღვანელობს, კომენტარი გააკეთა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაზე, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ მარტივი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა, რადგან ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თამაშობს. კი, პორტუგალიაც და საფრანგეთიც ტოპგუნდებია, მაგრამ 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია მათთან თამაში და დამარცხება.
ახლა მთავარია კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიაროთ და ფეხბურთელები ჯანმრთელად შეხვდნენ ტურნირს, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.
საამაყოა, რომ ზედიზედ მესამე ზაფხული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ მთავარი უკვე ფინალურ ეტაპზე გასვლა აღარ არის, განვლილი ორი ტურნირიდან გამომდინარე გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი სიტყვა ვთქვათ და კიდევ ერთ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში პორტუგალიას, საფრანგეთსა და პოლონეთს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატს 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთის რვა ქალაქი უმასპინძლებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშების განრიგი:
11 ივნისი | ჟილინა, 23:00 პოლონეთი – საქართველო
14 ივნისი | ჟილინა, 23:00 საფრანგეთი – საქართველო
17 ივნისი | ტრენჩინი, 20:00 საქართველო – პორტუგალია