ალექსანდრე დარახველიძე - მადლობა სახალხო დამცველსა და მის გუნდს პოზიტიური თანამშრომლობისთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი
ალექსანდრე დარახველიძე - მადლობა სახალხო დამცველსა და მის გუნდს პოზიტიური თანამშრომლობისთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაზე სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანმა, მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველს, ასევე მის გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროაქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ომბუდსმენს და მის გუნდს ამ ძალიან საინტერესო ანგარიშისთვის, მე ნამდვილად ვიცი, რა შრომა დევს ამ ანგარიშის უკან და ამის თქმის საშუალებას ჩემი ამ აპარატში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება მაძლევს. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა იმ პოზიტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც გვაქვს და მუდმივად ხდება ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საკითხებზე, პროაქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, 43 რეკომენდაცია არის გაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, ბუნებრივია, ყველა რეკომენდაციის ინდივიდუალურ განხილვას ვერ მოვახერხებთ, მაქვს გარკვეული დაჯგუფება გაკეთებული, ასევე არის გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები ზოგიერთ საკითხზე, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.