ალექსანდრე ჩივაძე - საქართველოს ნაკრებს აზერბაიჯანის გარდა არავინ ეთამაშებოდა #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძე - საქართველოს ნაკრებს აზერბაიჯანის გარდა არავინ ეთამაშებოდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების პირველი ნაბიჯები გაიხსენა, როდესაც ამხანაგური მატჩების გამართვისას ბევრ სირთულეს აწყდებოდნენ.

„საქართველოს ნაკრებმა პირველი შესარჩევი ციკლი რომ ჩავატარეთ, არავინ გვეთამაშებოდა აზერბაიჯანის გარდა. ყველა სხვა ნაკრებს ორი წლით ადრე ჰქონდა თამაშები დაგეგმილი. აზერბაიჯანს კი ხან გურჯაანში ვეთამაშებოდით, ხან – განჯაში და ხანაც ყვარელსა და კიროვაბადში. ამიტომ, ნოდარ ახალკაცმა მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე რომ მითხრა, ნიგერიის ნაკრებს თუ ეთამაშებიო, ისე გამიხარდა, უცებ დავთანხმდი. ორ თვეში პირველი შესარჩევი ციკლი გვეწყებოდა, პრაქტიკა და შეთამაშება გჭირდებოდა“, – გაიხსენა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ალექსანდრე ჩივაძემ.

რევაზ არველაძე: „შეხვედრები რომ ჩაგვეტარებინა, კარგად მახსოვს, თბილისის „დინამოს“ რამდენიმე მოთამაშე დაამატა და კლუბის სახელით ესპანეთში თამაშები ჩავატარეთ“.

ალექსანდრე ჩივაძე: „პირველ ციკლში ორი ლეგიონერი გვყავდა – თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე, მაგრამ ისტორიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, 15 ქულა მოვიპოვეთ და ბულგარეთმა მხოლოდ 2 ქულით გაგვასწრო. მეორე ციკლში ინგლისთან 0:2 რომ წავაგეთ, გაზეთებმა ისეთი რამ დაწერეს, გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი. მეორედ კიდევ მოვბრუნდი ნაკრებში და ისევ მესამე ადგილზე გავედით. რატომ არ გააგრძელე მწვრთნელობაო – შენგან წარმატებას ითხოვენ, რეალური შემფასებელი კი ძალიან ცოტაა“.