ალექსანდრე ჩივაძე - მთელი საქართველო ვამაყობთ, ასეთი ფეხბურთელი რომ გამოჩნდა #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძე - მთელი საქართველო ვამაყობთ, ასეთი ფეხბურთელი რომ გამოჩნდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა „სარბიელის“ გამოკითხვაზე, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

„მიხარია, რომ საფეხბურთო სამყარომ ხვიჩა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა – ამაზე ორი აზრი არ არსებობდა და ხვიჩას წარმატებით ყველა გახარებული ვართ. მთელი საქართველო და საფეხბურთო სამყარო ვამაყობთ, ასეთი ფეხბურთელი რომ გამოჩნდა.

ხვიჩა საუკეთესოდ დაასახელეს იტალიის ჩემპიონატში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ლიგადაა აღიარებული. თან მან „ნაპოლისთან“ ერთად ჩემპიონობა მოიპოვა.

მიხარია, რომ ხვიჩა ასეთი წარმატებულია და საქმისადმი ნამდვილი პროფესიონალური დამოკიდებულება გააჩნია. პირველივე სეზონში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებში რომ მოხვდები, ამით ყველაფერია ნათქვამი.

ხვიჩას, უპირველესად, ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებებს როგორც „ნაპოლიში“, ასევე საქართველოს ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა.