ალექსანდრე ჩივაძე იუბილარია - დიდი კაპიტანი 65 წლის გახდა

დღეს ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა – „ოქროს თაობის“ თბილისის „დინამოს“ კაპიტანი 65 წლის გახდა.

ჩივაძე თბილისის „დინამოში“ 1974 წელს მიიწვიეს, ხუთ წელიწადში კი გუნდი კაპიტანი გახდა და მისი ფორმით 1974–1987 წლებში 324 მატჩი ითამაშა (44 გოლი). 1980–1987 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 46 შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ 46 შეხვედრიდან 26 მატჩში გუნდს მოედანზე კაპიტნის რანგში გაუძღვა. მურთაზ ხურცილავას შემდეგ, იგი ერთადერთი ქართველია, ვინც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრებს კაპიტნობდა.

ჩივაძე იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საქართველოს ნაკრებში გახდა სსრ კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1979), საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორმით კი – ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ბრინჯაოს პრიზიორი (1980). 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ და საბჭოთა ფეხბურთელად.

1980 წელს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან შვიდჯერ პირველ ნომრად. 1981 წელს, „ფრანს ფუტბოლმა“ ევროპის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში დაასახელა. არის უეფას ლალის ორდენის კავალერი (2001). საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2011 წლის 17 მაისს, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად ალექსანდრე ჩივაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

წლების განმავლობაში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1993–1997 და 2001–2003 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2012–2016 წლებში – საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს.