ალექსანდრე ჩივაძე - „ფეიენოორდის“ ფეხბურთელებს თბილისში ნემსები უპოვეს, იქ კი პირიდან დუჟი გადმოსდიოდათ
ალექსანდრე ჩივაძე - „ფეიენოორდის“ ფეხბურთელებს თბილისში ნემსები უპოვეს, იქ კი პირიდან დუჟი გადმოსდიოდათ

ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს” 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფზე ილაპარაკა და თასების თასის გათამაშების ნახევარფინალში „ფეიენოორდთან“ მატჩების უცნობი ისტორია გაიხსენა.

„სხვათა შორის, თბილისის მატჩის შემდეგ ნიდერლანდელების გასახდელებში ნემსებიც ნახეს – დიახ, ასეთიც იყო. განმეორებითი შეხვედრის წინ კი რა მოხდა. საერთოდ, მატჩამდე გასახდელში შემოდიან მსაჯები და ფეხბურთელებს ფორმებს და ბუცებს უმოწმებენ. იქ მსაჯები არ შემოსულან და ეს უკვე ნიშანი იყო, რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო. ჰოლანდიელებს კი მეორე ტაიმის მე-15 წუთზე პირიდან დუჟი გადმოსდიოდათ. მეორე გოლი რომ გაიტანეს, უცებ გაჩერდნენ. ხომ მიხვდით, რისი თქმა მინდა?“, – ამბობს ალექსანდრე ჩივაძე.

მას გადაცემის თანაწამყვანი, ვლადიმერ გუცაევი დაეთანხმა: „ჰოლანდიელებს რაღაც რომ ჰქონდათ მიღებული, ფაქტია. ამიტომ ცდილობდნენ, გოლის გატანა დროულად მოესწროთ. ეგაა, მაშინ დოპინგ-კონტროლი არ იყო. მარტო ფინალის შემდეგ შეგვამოწმეს“.

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ფინალის შემდეგ ჩატარებული დოპინგ-კონტროლი იუმორით გაიხსენა: „დიუსელდორფში კოხტა, პატარა სასტუმროში დავბინავდით. ვფიქრობ, წავალ სასტუმროში, საშხაპეში შევალთ და მერე ვიზეიმებთ. მის მეპატრონე ძალიან სასიამოვნო შესახედაობის და ხასიათის ქალბატონი იყო და თურმე, ფინალის შემდეგ ბიჭებს შამპანურები გამოუტანა. მე ეს მერე გავიგე, რადგან თამაშის შემდეგ უეფა-ს კომისარი მოვიდა და მე და ნუკრი კაკილაშვილს გვითხრა, ექიმს დოპინგ-კონტროლზე უნდა გაყვეთო. 20 მ2 ოთახია, იქ რა არ დაგვახვედრეს, შამპანური, ღვინო, ლუდი, „კოკა-კოლა“, „პეპსი-კოლა“, წყალი – მოკლედ, ყველაფერია. მაგრამ ემოციურად და ფიზიკურად ისეთი დაცლილები ვიყავით, რომ ვერც ჩვენ და ვერც გერმანელებმა ანალიზები ვერ ჩავაბარეთ. არადა, ერთი სული გვაქვს, სასტუმროში როდის მივალთ. სხვა სანერვიულოც არაფერი გვქონდა. გერმანელებიდან ჰოპეც იყო, ეს ცუდი კაცი. მან გოლზე ისეთი ჟესტი გააკეთა, რასაც წესიერი ფეხბურთელი და ჯენტლმენი არ იკადრებს – გაიხარე, იხტუნავე, მაგრამ არა ისე, რაც მან გააკეთა, მაგრამ ვიტალი დარასელიას მეორე გოლზე მერე მწარედ ინანა. სასტუმროში გვიან მივედით, ხალხი უკვე იშლებოდა – ყველა კარგად იყვნენ, სტუმრებიც და ფეხბურთელებიც. მე ახლაც არ ვსვამ და მაშინ მით უფრო – ოთახში რომ შევიხედე, ვიფიქრე, ჯობია, წავალ, დავიძინებ-მეთქი“.

ნუკრი კაკილაშვილი, თბილისის „დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი: „სანერვიულოც არაფერი გვქონდა, საშა ჩივაძემ სიცხით იმიტომაც ითამაშა, რომ ჩვენებმა არც იცოდნენ, დოპინგად რა ჩაითვლებოდა და რა წამალი არ უნდა მიეღო. ისიც არ ვიცოდით, რა პრეპერატი შეიძლებოდა დოპინგ-კონტროლზე ამოვარდნილიყო – ეს ჩვენთვის უცხო ხილი იყო“.

დოპინგ-კონტროლზე ჩივაძემ სახალისო ისტორია გაიხსენა: „დოპინგ-კონტროლზე ნაკრებში სულ გავრილოვი ხვდებოდა. იქ ლუდი უნდა დალიო, ანალიზი რომ აიღონ და გაიგონ, დოპინგი მიიღე თუ არა. ლუდი მუქთა იყო,  ეს იჯდა და აღარ გამოდიოდა“.

სრულად გადაცემა ნახეთ ბმულზე.