ალექსანდრე ჩივაძე - ახალკაცის ხელში პირველივე წელს ავიღეთ თასი, რომლის ფინალშიც მანამდე „დინამო“ ხუთჯერ დამარცხდა #1TVSPORT
ალექსანდრე ჩივაძე - ახალკაცის ხელში პირველივე წელს ავიღეთ თასი, რომლის ფინალშიც მანამდე „დინამო“ ხუთჯერ დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ 1976 წლის 3 სექტემბრის გამარჯვება იმ ვეტერანმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს, რომლებიც ამ წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგემელები იყვნენ.

„მინდა ყველა ხელმძღვანელი გავიხსენო, გუნდის უფროსი ნიაზ ძიაფშიპა იყო. მწვრთნელები – ნოდარ ახალკაცი, რომელსაც ეხმარებოდნენ სერგო კუტივაძე და სლავა მეტრეველი. ზაქრო თელია და ანზორ გაბიტაშვილი სამედიცინო სამსახურში იყვნენ. 1975 წლის ბოლოს იაკუშინი იყო მწვრთნელი და წლის ბოლოს ჩაატარა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაკრების თამაში და გუნდში ვახო ქორიძე, რეზო ჩელებაძე, ვიტალი დარასელია და გიგლა იმნაძე მოიყვანეს. 1976 წელს მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი დანიშნეს. პლუს ნოდარ ხიზანიშვილი და ვახო კოპალეიშვილი ჩამოიყვანეს. ახალკაცმა ახალი გუნდის შექმნა დაიწყო და პირველივე სეზონში ასეთ წარმატებას მივაღწიეთ, როდესაც მანამდე ხუთ ფინალში თასი ვერ მოვიპოვეთ“, – გაიხსენა ალექსანდრე ჩივაძე.

ლეგენდარულმა კაპიტანმა მეტოქის შესახებაც ისაუბრა:

„ისიც სათქმელია, რომ ეს „არარატი“ არსებობის ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო, მანამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. მართლა დიდი თაობა ჰყავდათ. მაშინ „დინამოს“ კაპიტანი ვახტანგ ჭელიძე იყო, რომელმაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მაგრამ თბილისში თასი მან ჩამოიტანა“.

ამ ისტორიულ წარმატებამდე თბილისის „დინამო“ თასის ფინალში ხუთჯერ გავიდა და წარმატებას მხოლოდ მეექვსე მცდელობაზე მიაღწია. ერევნის „არარატთან“ მოგებული თასი ნოდარ ახალკაცის გუნდისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა და ამის შემდეგ დაიწყო ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული ხუთწლიანი ეპოქა, რომლის გვირგვინიც 1981 წლის 13 მაისი იყო.