ალექსანდრ ვერშბოუ - ძალიან გამიხარდა პარტიებს შორის შეთანხმება, დროა, წინ წავიწიოთ, რადგან საქართველოს საზოგადოებაში განხეთქილებით რუსეთი ისარგებლებს
ალექსანდრ ვერშბოუ - ძალიან გამიხარდა პარტიებს შორის შეთანხმება, დროა, წინ წავიწიოთ, რადგან საქართველოს საზოგადოებაში განხეთქილებით რუსეთი ისარგებლებს

ძალიან გამიხარდა პარტიებს შორის შეთანხმება, დროა, წინ წავიწიოთ, რადგან საქართველოს საზოგადოებაში განხეთქილებით რუსეთი ისარგებლებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ვერშბოუ აცხადებს, რომ ამ შეთანხმების იმპლემენტაცია ნამდვილად წარმატება იქნება.

„როგორც საქართველოს მეგობარს, ძალიან გამიხარდა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ევროკავშირისა და ჩემი კარგი მეგობრის, ელჩ კელი დეგნანის დახმარებით შეძლეს შეთანხმების მიღწევა. იმედი მაქვს, ყველა პარტია აღიარებს, რომ საქართველოს ინტერესების პარტიულ ინტერესებზე წინ დაყენება დღეს პრიორიტეტულია. ამ შეთანხმების იმპლემენტაცია ნამდვილად წარმატება იქნება.

როგორც ვხვდები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინდივიდუალურმა წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს. ცხადია, ყოველთვის იქნება კომპრომისები, რომლებიც ყველას 100 პროცენტით არ აკმაყოფილებს. მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ინტერესებშია, რომ კრიზისი გადაილახოს. აუცილებელია, ყველა ინსტიტუტი სათანადოდ მუშაობდეს. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტი. ახლა დოკუმენტში არის მექანიზმი, რომელსაც მოვლენების კონკრეტული სცენარით განვითარების შემთხვევაში შეიძლება, მიიყვანოს ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე, რაც იყო ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა. ამასთან, პატიმრები გათავისუფლდებიან და ეს ნამდვილად არის ჩარჩო დაძაბულობის განმუხტვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება ყველა პარტიის შეხედულებით სრულყოფილი არ არის.

ამერიკული გამოთქმაა, ნუ გადააქცევ უკეთეს კარგის მტრად. ახლა დროა, წინ წავიწიოთ, რადგან საქართველოს საზოგადოებაში განხეთქილებით რუსეთი ისარგებლებს. ახლა დროა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რუსებს ასეთი შესაძლებლობა მოვუსპოთ. ჩვენ არ უნდა, გავუჩინოთ პუტინს გრძნობა, რომ ჩვენს შორის განხეთქილებაა, რადგან ის ჩვენს სისუსტეს იყენებს საკუთარი მიზნებისთვის“, – განაცხადა ალესანდრ ვერშბოუმ.