ალექსანდრ უსიკი სუპერმძიმე წონის ახალი ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
ალექსანდრ უსიკი სუპერმძიმე წონის ახალი ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონში, „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ არენაზე სუპერმძიმე კატეგორიაში წლის ბრძოლა გაიმართა, რომელშიც ბრიტანელი ენტონი ჯოშუა და უკრაინელი ალექსანდრ უსიკი შეხვდნენ ერთმანეთს. ორი ოლიმპიური ჩემპიონი შესანიშნავი ბექგრაუნდით: ჯოშუა – მოქმედი ჩემპიონი სუპემძიმე წონაში; უსიკი – ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი პირველ მძიმე წონაში („კრუზერვეიტი“), რომელსაც პროფესიულ რინგზე წაგება არ ჰქონდა. თამაშდებოდა ყველა ის ძირითადი საჩემპიონო ქამარი, რომელსაც ჯოშუა ფლობდა – WBA, WBO და IBF.

ბევრი ექსპერტი ფავორიტად ჯოშუას მიიჩნევდა, იმავე აზრზე იყვნენ ბუკმეიკერები. ამგვარი პროგნოზი კეთდებოდა გაბარიტების გამო. ყველა ხაზს უსვამდა იმას, რომ ბრიტანელი ზედმეტად მძლავრია თავის მეტოქეზე და ეს არ არის უსიკის წონითი კატეგორია.

სწორედ ამის გამო, უკრაინელს ძალიან გრძელი საწვრთნელი ბანაკი ჰქონდა, მოიმატა წონაში (კარიერაში მაქსიმალურ საბრძოლო წონას მიაღწია – 100,2 კგ) და დიდი ბრძოლისთვის კარგად მოემზადა.

უკვე პირველი წამებიდან ცხადი გახდა, რომ წონის მომატებას არ უმოქმედია უკრაინელის მანევრირებასა და სისწრაფეზე. უსიკი შესანიშნავად მუშაობდა ხელებით და ფეხებით და ძალიან მალე მისი დარტყმები უკვე მიზანსაც აღწევდა – მისი ძლიერი მარცხენა ზედიზედ არღვევდა ბრიტანელის დაცვას, თავად ჯოშუა კი ძალიან პასიურად გამოიყურებოდა.

მეორე სამწუთეულში ენტონიმ აქტიურობის ნიშნები გამოავლინა, მაგრამ სწრაფი მეტოქის ფონზე მაინც მოკრძალებულად გამოიყურებოდა.

მესამე რაუნდში უსიკი ზრდიდა ზეწოლას და ბოლო წუთზე შეაზანზარა კიდეც მეტოქე მარცხენა გვერდიდან დარტყმით, თან ისე, რომ ბრიტანელს ფეხები მოეკეცა. ენტონი იმან გადაარჩინა, რომ ბრძოლა ახალი დაწყებული იყო და ჯერ დაღლა არ ეტყობოდა. მომდევნო რაუნდში უსიკმა დაამატა შეტევები კორპუსში, ჩემპიონი კი ისევ პასიურად გამოიყურებოდა, უფრო ზუსტად, ასეთად ის უკრაინელის მოქმედებებმა აქციეს.

მეხუთე რაუნდში ენტონიმ სცადა აქტიურობაში ოდნავ მომატება, მაგრამ უსიკი დიდად არ შეწუხებულა, უფრო მეტიც, უფრო ხშირად არღვევდა მოწინააღმდეგის დაცვას თუნდაც უბრალო ჯებით. მიზანს პრაქტიკულად ყველა დარტყმა ხვდებოდა.

თავისი ბრძოლის საუკეთესო ეპიზოდები ჯოშუამ მეექვსე რაუნდში აჩვენა, როცა ჯერ ძალიან კარგად დაიჭირა უკრაინელი მარჯვენა შემხვედრი დარტყმით, შემდეგ კი მარცხენა გვერდითი დარტყმაც მოახვედრა მიზანს. მაგრამ წარმატების განვრცობა ვერ შეძლო, თან უსიკს დროულად მოუსწრო შესვენებამ. უკრაინელმა მეშვიდე რაუნდში რევანში აიღო – ტემპი გაზარდა და ისეთი ძლიერი პირდაპირი დარტყმა შეასრულა, რომ ჯოშუა ბაგირებს მიენარცხა, მაგრამ ისევ შეინარჩუნა წონასწორობა.

შემდეგ სამწუთეულში ჯოშუამ სცადა თავისი ბოლო კოზირის გამოყენება და აპერკოტებით წავიდა შეტევაში, მაგრამ უსიკი ამისთვის მზად იყო და მოხერხებულად უსხლტებოდა ბრიტანელს. ენტონის ბრძოლის გადარჩენის ბოლო მცდელობები მეცხრე რაუნდში ჰქონდა, მაგრამ უსიკმა ისევ უპასუხა მოწინააღმდეგის ზუსტ დარტყმებს.

საჩემპიონო რაუნდები კი თითქმის ცალმხრივ დარტყმებად გადაიქცა, ხოლო უსიკის ტრიუმფის პიკი გახდა ფინალური რაუნდი, რომლის ბოლო წუთზე უკრაინელმა მეტოქე ბაგირებთან მიიმწყვდია და დარტყმების სერია შეასრულა. ნოკაუტს ბევრი არაფერი აკლდა, მაგრამ ბრიტანელი გონგმა გადაარჩინა. ამ შეტევის შემდეგ, ეჭვი არავის ეპარებოდა უსიკის გამარჯვებაში. მსაჯებმა მას ერთხმად მიანიჭეს უპირატესობა – 117:111, 116:112 და 115:113.