ალექსანდრ სტუბი - ჩვენ 1944 წელს გამოსავალი ვიპოვეთ, დარწმუნებული ვარ, 2025-შიც ვიპოვით, რათა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ომი, მივაღწიოთ სამართლიან, ხანგრძლივ მშვიდობას
ფაქტი, რომ დღეს ამ მაგიდის გარშემო ვართ, საკმაოდ სიმბოლურია იმ გაგებით, რომ ეს არის ევროპის გუნდი და აშშ-ის გუნდი, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თეთრ სახლში მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით პროგრესი და სამმხრივი შეხვედრის გამართვა დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით.
„ვფიქრობ, ბოლო ორ კვირაში ალბათ იმაზე მეტი პროგრესი გვქონდა ამ ომის დამთავრების მხრივ, ვიდრე ბოლო სამ-ნახევარ წელიწადში. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ დღეს ამ მაგიდის გარშემო ვართ, საკმაოდ სიმბოლურია იმ გაგებით, რომ ეს არის ევროპის გუნდი და აშშ-ის გუნდი, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. ის პროგრესი, რისი ნახვაც ამ შეხვედრიდან გვსურს, უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, რაც დიდი ნაწილია ამის და, რა თქმა უნდა, ასევე თქვენს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვისკენ წინსვლა“, – განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, საერთაშორისო მედიის ნაწილმა შეიძლება იკითხოს, თუ რატომ არის თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ფინეთის პრეზიდენტი.
„ჩემი აზრით, მიზეზი ალბათ ისაა, რომ შესაძლოა, ჩვენ პატარა ქვეყნიდან მოვდივართ, მაგრამ რუსეთთან დიდი საზღვარი გვაქვს, 800 მილზე მეტი და, რა თქმა უნდა, საკუთარი ისტორიული გამოცდილება გვაქვს რუსეთთან – მეორე მსოფლიო ომიდან, ზამთრის ომიდან და სსრკ-ფინეთის ომიდან. თუ შევხედავთ დადებით მხარეს იმის თაობაზე, თუ სად ვდგავართ დღეს, ჩვენ 1944 წელს გამოსავალი ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2025-შიც ვიპოვით, რათა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ომი, მოვიპოვოთ და მივაღწიოთ სამართლიან, ხანგრძლივ მშვიდობას. სიტუაცია ძალიან რთულია და სწორედ ამიტომ ვართ აქ“, – აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.
თეთრ სახლში, გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.