ალექსანდრ ლუკაშენკო - რუსეთი ბელარუსს ყოველ წელს ახალ პირობებს უწესებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს, მსგავსი კავშირი არავის სჭირდება
ალექსანდრ ლუკაშენკო - რუსეთი ბელარუსს ყოველ წელს ახალ პირობებს უწესებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს, მსგავსი კავშირი არავის სჭირდება

თუ რუსეთთან ენერგომომარაგებისა და სავაჭრო ბარიერების საკითხები არ მოგვარდება, არავითარი საგზაო რუკის გაფორმება არ მოხდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ყოველ წელს რუსეთი ბელარუსს ახალ პირობებს უწესებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს და მსგავსი კავშირი არავის სჭირდება.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას და იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა მას უარს ეტყვის, თანამდებობას დატოვებს.

ბელარუსში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები გაიმართა და წინასწარი მონაცემებით საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ვერცერთი კანდიდატი ვერ მოხვდა. ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში ბელარუსის ოპოზიციის ორი წარმომადგენელი მუშაობდა.

ახალ შემადგენლობაში მოხვდნენ ტელეწამყვანი თენგიზ დუმბაძე, „მის ბელარუსი 2018“-ის ტიტულის მფლობელი მარია ვასილევიჩი, ხელისუფლების მომხრე საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თეთრი რუსის“ ხელმძღვანელი გენადი დავიდკო, ბელარუსის ელჩი თურქეთში, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესსპიკერი ანდრეი სავინიხი და ბელარუსის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ოლეგ გაიდუკევიჩი.