ალექსანდრ ჯიკიჩმა ევრობასკეტისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-სთვის მზადებას ივლისის ბოლოდან შეუდგება. გუნდი შეკრების პირველ ეტაპს ლატვიაში გაივლის.
„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მასში 16 კალათბურთელია. აგვისტოს ბოლოს გასამართი ევრობასკეტისთვის შემადგენლობა 12 კალათბურთელამდე შემცირდება.

ჩვენი ნაკრების შეკრება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 27 ივლისს ლატვიის კურორტ იურმალაში დაიწყება. ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველ სპარინგმატჩს იურმალაში 4 აგვისტოს ისრაელთან გამართავს, რომელიც, ისევე როგორც 7 აგვისტოს იურმალაშივე ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრა, დახურული იქნება.
8 აგვისტოს ნაკრები მეზობელ ლიეტუვაში გადავა, სადაც ქალაქ კაუნასში 9 აგვისტოს მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი კაუნასში 11 აგვისტომდე დარჩება, საიდანაც პოლონეთში გადაინაცვლებს და ქალაქ სოსნოვიეცში 14 აგვისტოს ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება.
სოსნოვიეცის შემდეგ საქართველოს ნაკრები პრაღაში ცხრადღიან შეკრებას, 15-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გამართავს, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ელის: 19 აგვისტოს დახურული, ხოლო 21-ში ღია ტიპის სპარინგი.
„ჯვაროსნები“ პრაღიდან პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, კვიპროსში გაემგზავრებიან. სწორედ ამ ერთთვიანი შეკრების პერიოდში შეირჩევა ის 12 მოთამაშე, რომელიც ევრობასკეტზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვს მატჩს გამართავს.
ისრაელი VS საქართველო | 4 აგვისტო
ესტონეთი VS საქართველო | 7 აგვისტო
ლიეტუა VS საქართველო | 10 აგვისტო
პოლონეთი VS საქართველო | 14 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო | 19 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო | 21 აგვისტო