ალეკო ელისაშვილი - გაუგებარი რაღაცებით ძალიან დავიღალე, ჩანს, რომ ოპოზიციას მეტად ადარდებს არა საქართველოს მომავალი, არამედ თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა, საიდანაც მოვლენებს ხედავს
ალეკო ელისაშვილი - გაუგებარი რაღაცებით ძალიან დავიღალე, ჩანს, რომ ოპოზიციას მეტად ადარდებს არა საქართველოს მომავალი, არამედ თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა, საიდანაც მოვლენებს ხედავს

ნათელი დღის წესრიგი მოგვცეს და როცა ამ დროს იწყებ, რომ მთავრობა გადავაყენოთ და რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ, არასწორად გაგებაა იმისა, რაც გვითხრეს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციას მეტად ადარდებს თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა, საიდანაც მოვლენებს ხედავს და არა საქართველოს მომავალი.

„აქცია არაფერს აფუჭებს და აქციების დრო ყოველთვის არის, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან მკაფიო დღის წესრიგი განგვესაზღვრა. გასაგებია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ვერ დავეწიეთ, მაგრამ კონკრეტული დრო და კონკრეტული შესასრულებელი პირობებიც მოგვეცა, რაც უნდა გავაკეთოთ. გვითხრეს, რომ ექვსი თვის განმავლობაში თუ შევძლებთ, პირობები შევასრულოთ, მაშინ ავტომატურად მოხდება განხილვა და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამაზე უფრო ნათელი დღის წესრიგი რა უნდა იყოს? როცა ამ დროს იწყებ, რომ მთავრობა გადავაყენოთ და რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ, ჩემი აზრით, ეს არასწორად გაგებაა იმის, რაც გვითხრეს. გვითხრეს – 12 პუნქტი და ექვსი თვე. ამის ნაცვლად ახალ დღის წესრიგს რომ ქმნი, რომელიც ან გამოგივა ან არა, არ ვიცი, რას ემსახურება. ასეთი გაუგებარი რაღაცების მოსმენით ძალიან დავიღალე. ჩანს, რომ ოპოზიციას უფრო მეტად ადარდებს თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა, საიდანაც მოვლენებს ხედავენ და არა საქართველოს მომავალი და პერსპექტივა. წინასწარ იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება მაინც არაფერს შეასრულებს და აზრი არ აქვს მათთან მუშაობას და ბრძოლას ამ საკითხების გასატანად, ეს გაუგებარია. არ მგონია, საქმე ასე უიმედოდ იყოს, რადგან ჩვენ და „ქართული ოცნება“ ხომ არ ვართ, ჩვენ მმართველი გუნდი და უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერა ვართ. ვადამდელი არჩევნების იმედი გაქვს და 12 პუნქტს რომ შეასრულებინებ, იმის იმედი როგორ არ გაქვს, ე.ი. ან ბრძოლა გეზარება, ან ზუსტად ვერ გაიგე, რა გააკეთო, ან ჭუჭრუტანა უფრო მოგწონს, საიდანაც საკუთარი ინტერესების გატარებას ხედავ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.