ალეკო ელისაშვილი - ეს არჩევნები არ არის რეფერენდუმი, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები
ალეკო ელისაშვილი - ეს არჩევნები არ არის რეფერენდუმი, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები

ჩვენთვის ეს არჩევნები არ არის რეფერენდუმი, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენთვის კი არ არის, ეს არის რეალურად თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „მოქალაქეები“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, გველაპარაკა კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც კონკრეტულ ქალაქებს აწუხებს. ნუ, უფრო დიდი აქცენტი გვქონდა თბილისზე, აქ სერიოზულ ბრძოლას ვაპირებთ და ამიტომ. კანდიდატები სხვა რეგიონებშიც გვყავს, მაჟორიტარები. ჯამში, 12 რეგიონში და ასევე, საკრებულოს სიები, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია ამომრჩეველთა განწყობები და არის თუ არა თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმი საზოგადოებისთვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვისაც სახლი ენგრევა, არის თუ არა თვითმმართველობის არჩევნები მათთვის რეფერენდუმი.

„ან წავიდეთ და ლია მეტროს აშენებას ელოდება – რა გადარდებთ თქვენ, რეფერენდუმი თუ ის, აქ რომ მეტრო გაკეთდეს-თქო. ეჭვი არ მეპარება, გეტყვიან იმას, რომ მეტრო ადარდებთ. გლდანის მეტროს ამოსასვლელში გინახავთ ხომ, რა ხდება, როცა ფეხით ამოდიხართ? საცობებია ხოლმე, მაშინ, როცა მზამზარეულია მეორე ამოსასვლელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ აკეთებენ სხვა პარტიები აქცენტს რეფერენდუმზე, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი რეალობას არიან აცდენილი.

„ძალიან გულახდილად ვიტყვი – იმიტომ, რომ რეალობას არიან აცდენილი. ქმნიან ისეთ მოლოდინებს და საკუთარ თავს და ხალხს ისეთ მიზნებს უსახავენ, რომელსაც ვერ შეასრულებენ და მერე ამას მოჰყვება ხოლმე დიდი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ოპოზიციის მიმართ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკურ პროცესად ითვლება ლანძღვა და გინება, რაც პოლიტიკა არ არის.

„მთელი კვირაა, მიდის გარჩევა, ნიკა მელიამ უფრო მაგრად შეაგინა თუ ირაკლი კობახიძემ, ირაკლი კობახიძე უნდა წასულიყო თუ უნდა დარჩენილიყო და ა.შ. გეგონება, ისეთი აწყობილი ქვეყანა გვაქვს, ამაზე დარდის გარდა, სხვა საფიქრალი არ გაგვაჩნია. გეგონება, საქმე, ქალაქები ისეთი მიხედილია, თბილისი და მთელი საქართველო ისეთი აყვავებულია, მეტი საქმე არ გვაქვს. ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ – ეს არ არის პოლიტიკა. რეალური პოლიტიკა მიღმა გვრჩება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ ირჩევს „მოქალაქეები“ ასეთ სტრატეგიას, როცა პარტიიდან მერობისთვის არავინ იბრძვის, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამას ორი მიზეზი აქვს.

„პირველი, ჩვენ გვინდა, საკრებულოებში პარტიული გუნდი გავიყვანთ და მეორე, მიუხედავად იმისა, მე ძალიან ემოციური ვარ, სხვებისგან განსხვავებით, არ ვცანცარებ პოლიტიკაში. ახლა, პარლამენტში რამდენიმე ძალიან კონკრეტულ საკითხს ვარ შეჭიდებული, ის რომ შუა გზაზე მივატოვო, გადმოვხტე და ვთქვა – ნიჩურტი მქონდა და ახლა ამის დრო არ არის-თქო, სწორი არ იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.