ალეკო ელისაშვილი - ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი
ალეკო ელისაშვილი - ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი

ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლავიდან და მეორე სააკაშვილი ჩამოვა საარჩევნოდ, აგერ მე და აგერ თქვენ, გამორიცხულია ეგ ამბავი, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„მაგას მაგდენი გამბედაობა არ ეყოფა და მაგხელა რისკზეც ვერ წავა. ტონი როგორ დაარბილა, ხომ ნახეთ?! თავიდან, რომ გამოვიდა და მეთვრამეტედ თქვა, ჩამოვალო, გუშინ თქვა, თქვენც რაღაც ქენით, კაცო, მარტო მე კი ნუ შემომყურებთო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „მოქალაქეებს“ აქვს იმედი და ელოდება, რომ საარჩევნო რეფორმების შედეგად, რომლისთვისაც პარტიამ თავი არ დაზოგა, შედეგების თვალსაზრისით ნორმალურ არჩევნებს მიიღებს.

„ახლა, ვიღაცას მოეწონება შედეგები და ვიღაცას არა, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ ხოლმე, რატომ არ გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვინდა, გვქონდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ისურვებდა, არჩევნები წესიერად, ექსცესების გარეშე ჩატარდეს და ერთხელ და სამუდამოდ, მთელი პოლიტიკური სპექტრი ენდოს არჩევნებს.

„ვისურვებდი, წესიერად ჩატარდეს არჩევნები, ექსცესების გარეშე და ვისურვებდი, ერთხელ და სამუდამოდ, მთელი პოლიტიკური სპექტრი ვენდოთ ამ არჩევნებს. რადგან, მაგალითად, არასოდეს ყოფილა, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ყოფილიყო ოპოზიციონერი; არასოდეს ყოფილა, ცესკო-ში წარმოდგენილი ყოფილიყო იმდენი ოპოზიციონერი და მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ახლაა წარმოდგენილი და რეალურად, საარჩევნო კოდექსში არასდროს იმდენი ცვლილებები არ გაგვიტარებია, როგორც ახლა გავატარეთ. ამიტომ, ვისურვებდი, „ოცნებამაც“ ხელი დაიმოკლოს და რაღაც მაიმუნობისთვის ხელი არ გაექცეს და თუ დანარჩენი ოპოზიციაც ისეთ შედეგს ვერ მიიღებს, როგორი შედეგიც შეიძლება, ძალიან გინდოდეს, საარჩევნო კოდექსს ნუ დავაბრალებთ და საკუთარ თავს მოვკითხოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.