ალეკო ელისაშვილი - არესტოვიჩის განცხადება სავსებით ლოგიკურია, მაგრამ რამდენად სამართლიანია, სხვა ამბავია, გასაგებია მათი სურვილი, ომის სიმძიმე გადანაწილდეს
ალეკო ელისაშვილი - არესტოვიჩის განცხადება სავსებით ლოგიკურია, მაგრამ რამდენად სამართლიანია, სხვა ამბავია, გასაგებია მათი სურვილი, ომის სიმძიმე გადანაწილდეს

არესტოვიჩის განცხადება სავსებით ლოგიკურია, მაგრამ რამდენად სამართლიანია, სხვა ამბავია, გასაგებია მათი სურვილი, ომის სიმძიმე გადანაწილდეს, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატმა ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

„ამ განცხადებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ქვეყანას, რომელიც ომშია, დილიდან-საღამომდე იბომბება და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძალას იგერიებს, ლოგიკური სურვილი აქვს, რომ სიმძიმის ცენტრი სხვაგან გადავიდეს. ბუნებრივია, რომ დღე და ღამე ბრძოლაში რომ ხარ ჩართული, გინდა, ვინმე შეგეხიდოს, ბრძოლა გადანაწილდეს. ერთია, რა ლოგიკური სურვილები აქვს უკრაინის ხელისუფლებას და მეორეა, რა სურვილები გვაქვს ჩვენ. მათ ეს რომ უნდათ, გასაგებია, რადგან ჩვეულებრივ ვითარებაში არ არიან, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენ ომში ჩაბმა და რუსეთთან დაპირისპირება არ გვინდა, თუმცა ზღვარია – მშვიდობასა და სიმხდალეს შორის, რაც არ უნდა დაგვეკარგოს. ხელისუფლების მიმართ სწორედ ეს საყვედური მაქვს. ხანდახან სიფრთხილე სიმხდალეა. სიმხდალე არის თუ არა გარანტორი, თავს არ დაგვესხან, ეს ცოტა სხვა საკითხია. როცა ხედავ, რომ ადამიანი მეტისმეტად დამფრთხალია, ზუსტად იმის დაჩაგვრა შეიძლება, მოგინდეს ზედმეტად. მათ ვერაფრით გავამტყუნებ, ჩვენთან გაზაფხული მოვიდა, ყველაფერი აყვავდა, კარგი ამინდია, ჩიტები ჭიკჭიკებენ, უკრაინაში კი, ჩიტების ხმა საერთოდ არ ისმის. ან სირენების ხმა ისმის, ან ტირილის და იმ ხალხს ნუ გავამტყუნებთ, რადგან აბსოლუტურად სხვა რეალობაა. აქედან იმ რეალობის სიმძიმე არ აღიქმება. ეს განცხადება სავსებით ლოგიკურია, მაგრამ რამდენად სამართლიანია, სხვა ამბავია. მათ რომ უნდათ, სიმძიმე გადანაწილდეს, გასაგებია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.