ალეგრი - მსაჯებზე არასდროს ვსაუბრობ
ალეგრი - მსაჯებზე არასდროს ვსაუბრობ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმატალანტასთან“ (2:2) გამართული მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბენტანკურის გაძევების შემდეგ თავისი ხასიათი გამოავლინა.

ასევე, ალეგრიმ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მიმართა, რომელიც მსაჯებს გამუდმებით აკრიტიკებს და დასძინა, რომ იტალიაში არაფერი შეიცვლება – „კარგ განწყობაზე არ ვარ. მსაჯებზე არასდროს ვსაუბრობ, ბანტიმ ​დავალებას თავი კარგად გაართვა. ვწუხვარ, რომ მოედნის მიღმაც ბევრი რამ ხდება, ქცევების შესახებ ბევრი საუბარია. იმედგაცრუებული ვარ, დღეს უფრო მეტად ნერვული ვიყავი, ვიდრე ჩვეულებრივ. მაგრამ კარგად მესმის, რომ იტალიაში ამ მხრივ სიტუაცია არასდროს შეიცვლება. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მეტოქემ კი შანსი გამოიყენა და გოლი გაიტანა. 1:0-ზე გვქონდა შანსი, რომ მეორე გოლი გაგვეტანა. ჩვენ ვიცოდით რომ აქ ურთულესი მატჩი გველოდებოდა. 10 კაცით დავრჩით, მაგრამ ბიჭებმა საქმეს თავი კარგად გაართვეს და ბოლოსკენ მოგების შანსიც გვქონდა, როდესაც რონალდუმ მანჯუკიჩის მიმართულებით კარგი პასი გააკეთა. პიანიჩის გარეშე ვამჯობინე, რომ ბონუჩი ძირითად შემადგენლობაში ყოფილიყო. სამწუხაროა, რადგან მოგება გვინდოდა, რაც ვერ შევძელით“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პირველი წრისა და 2018 წლის ბოლო შეხვედრას 29 დეკემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.