ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით და ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი მდიდრული კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით და ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი მდიდრული კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ალბანელმა მომიტინგეებმა ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური მსვლელობა გამართეს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი მდიდრული კურორტის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

დემონსტრანტები აქციაზე ალბანეთის დროშებით გამოვიდნენ და სკანდირებდნენ: „რევოლუცია“, „გადადგომა“. ამასთან, აქტივისტებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით „სამშობლო არ იყიდება“.

ცნობისთვის, ალბანეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, სამი კვირაა, გრძელდება. „ფლამინგოს რევოლუციად“ წოდებული დემონსტრაციები გარემოს დაცვის მოთხოვნით თავდაპირველად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი მრავალმილიარდიანი კურორტის მშენებლობას გეგმავენ. პროტესტი თანდათან პოლიტიკურ დემონსტრაციებში გადაიზარდა და ალბანეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვს.