ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ალბანეთში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.

დემონსტრანტებმა პოლიციას ფოიერვერკები ესროლეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად პოლიციის შვიდი თანამშრომელი და რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა.

ალბანეთის ოპოზიციის წევრები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ოთხი თვეა, მართავენ. ოპოზიციამ მთავრობა თაღლითობაში დაადანაშაულა და პარლამენტთან კონტაქტი გაწყვიტა. აშშ-ი და ევროკავშირი ალბანეთის მთავრობას ლეგიტიმურს უწოდებენ და ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.