ალბანეთის პარლამენტში ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ალბანეთის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის დეპუტატები სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგანს და მმართველი უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებიდან მიკროფონებს აძრობდნენ.
ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს ხელში ეკავა იმ სტუდენტების ფოტოები, რომლებიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართული საპროტესტო აქციების დროს, პოლიციასთან დაპირისპირებისას დაშავდნენ.
ალბანეთის პარლამენტში დაპირისპირება ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს უკავშირდება. დეპუტატები მმართველ პარტიას აქციების მონაწილეების, მათ შორის სტუდენტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ.
ცნობისთვის, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რამდენიმე დღეა, გრძელდება. აქციების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი პოლიციას ქვები, პიროტექნიკა და აალებადი ბოთლები ესროლეს. აქციის მონაწილეები სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომაა. თავად მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მოქალაქეების რეალურ პრობლემებს ძალადობრივი ჯგუფები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.