ალბანელი მაღალჩინოსანი ქარიმ ბენზემას სახლის გაქურდისთვის დააპატიმრეს #1TVSPORT
ალბანელი მაღალჩინოსანი ქარიმ ბენზემას სახლის გაქურდისთვის დააპატიმრეს #1TVSPORT

ალბანეთის პოლიციამ 2019 წლის 27 თებერვალს მომხდარი დანაშაული გახსნა.

ამ დღეს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალში „რეალმა“ „ბარსელონასთან“ 0:3 წააგო. მატჩის შემდეგ, მადრიდელთა ფორვარდს ქარიმ ბენზემას აცნობეს, რომ მისი სახლი გაძარცვეს, თან ძალის გამოყენებით.

და ახლა, ალბანეთის პოლიციამ დააპატიმრა ამ საქმის მთავარი ფიგურანტი. ეს არის 41 წლის ალფრედ პროდანი, რომელიც დღეს, ალბანეთში პატივსაცემი მაღალჩინოსანია. ის არის ქვეყნის წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის დირექტორი.

პროდანისთვის ეს არ ყოფილა ესპანეთში ჩადენილი ერთადერთი დანაშაული. ის და მისი კრიმინალური ჯგუფი ესპანეთის მსხვილ ქალაქებში 40-ზე მეტი სახლის გაქურდვაშია ეჭვმიტანილი. ძარცვისას, პროდანი და მისი ამფსონები ხელკეტებით მოქმედებდნენ.

ალფერდ პროდანი ალბანეთის ჩრდილოეთით, ლაჩის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ეს არის პატარა დასახლება 18-ათასიანი მოსახლეობით. ესპანეთში ქურდობისთვის დაპატიმრებული ალბანელების უმრავლესობა წარმოშობით სწორედ ლაჩიდან არიან.

სკანდალურ საქმეს გამოეხმაურა ალბანეთის პრეზიდენტი სალი ბერიშა. პროდანის დაპატიმრების შემდეგ, მან „ტვიტერში“ დაადანაშაულა სოციალისტები იმაში, რომ მათ მთავრობა ქურდებით აავსეს (პროდანი ცნობილ სახელმწიფო კომპანიაში დირექტორად ალბანეთის სოციალისტურმა მთავრობამ დანიშნა). ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა კი იხუმრა: „მან ბენზემა გაძარცვა და დირექტორად დანიშნეს, და თუ მესის გაძარცვას შეძლებს, მინისტრად დანიშნავენ“.

თავის მხრივ, ალფრედ პროდანი უარყოფს ამ საქმესთან რაიმე კავშირს, მაგრამ ალბანური და ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ სამხილები უტყუარია და მალე დამნაშავეს ესპანეთის მხარეს გადასცემენ. პროდანის გარდა დაკავებულნი არიან ბანდის სხვა წევრები. მათ შორისაა ცნობილი ალბანელი ბიზნესმენი, რომლის გვარსაც არ ასახელებენ. მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 37 წლის მამაკაცია და ქვეყანაში მნიშვნელოვან კომპანიებს ფლობს.