ალან შირერი - მაროკოელებმა საფრანგეთი ანერვიულეს, მათ შეუძლიათ მუნდიალზე გამოსვლით იამაყონ #1TVSPORT
ალან შირერი - მაროკოელებმა საფრანგეთი ანერვიულეს, მათ შეუძლიათ მუნდიალზე გამოსვლით იამაყონ #1TVSPORT

1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა, ალან შირერმა მაროკოს ნაკრები, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთთან წაგების (0:2) მიუხედავად, შეაქო.

„მაროკოს გუნდს შეუძლია, ძალიან იამაყოს იმით, რაც გააკეთა, რა ძალისხმევაც გაიღო, არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ტურნირის განმავლობაში. მათმა გულშემატკივრებმა მშვენიერი დრო გაატარეს და თავიანთი გუნდისგან დიდი სიამოვნება მიიღეს.

მაროკოელები მხოლოდ კლასის ნაკლებობის გამო დამარცხდნენ – მოედნის ბოლო მესამედში ისინი ბევრჯერ მოხვდნენ კარგ პოზიციებზე და ვერ მოახერხეს ისე დაერტყათ, რომ გოლი გაეტანათ.

დროდადრო მაროკოელები საფრანგეთს ანერვიულებდნენ. ფრანგებმა კიდევ ერთი თვისება გამოავლინეს. იმის მიუხედავად, რომ კარგი თამაშის ჩვენება ვერ მოახერხეს, მათ შეძლეს და გაიმარჯვეს. ამ გუნდის დამარცხება რთულია“, – განაცხადა BBC Sport-თან ალან შირერმა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორივე ფინალისტი გაირკვა – მაროკოსთან მოგების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი არგენტინას 18 დეკემბერს დაუპირისპირდება. მაროკო კი მე-3 ადგილისთვის მატჩში ხორვატიას ერთი დღით ადრე შეხვდება.