ახვლედიანი „ლეგანესეს“ მთავარ გუნდში მოხვედრას იმედოვნებს
ახვლედიანი „ლეგანესეს“ მთავარ გუნდში მოხვედრას იმედოვნებს

„გაგრას“ ყოფილი მოთამაშე, თორნიკე ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ზაფხულში ესპანეთის ლა ლიგის „ლეგანესეს“ მთავარ გუნდში ჩაირიცხება.

19 წლის ფეხბურთელმა ეს პირველ არხთან განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ახვლედიანი ესპანურ კლუბში, „ლეგანესეს“ 19-წლამდელთა გუნდში 2018 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, ახლა კი მის დუბლშემადგენლობაში დააწინაურეს და პირველი შეხვედრაში მადრიდის „რეალს“ გოლი გაუტანა.

„საქართველოში პროფესიულ დონეზე ჯერ „ცხინვალში“ ვთამაშობდი, შემდეგ – „გაგრაში“. ესპანეთში შარშან წამოვედი და ჯერ სან სებასტიანის „რეალის“ 19-წლამდელებში ამიყვანეს, აგვისტოში კი „ლეგანესეს“ რანგით მესამე გუნდში მიმიწვიეს. დუბლებში, ანუ მეორე გუნდში, ახლა დამაწინაურეს. „ლეგანესეში“ ყოფნა ბევრს ნიშნავს, რადგან ეს რეალურად მადრიდის „რეალის“ პარტნიორი კლუბია – ამხანაგურებს ერთმანეთში ხშირად თამაშობენ, „რეალიდან“ მოთამაშეებს იმატებენ და მოკლედ, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. კლუბის ხელმძღვანელებთან ვილაპარაკე და მითხრეს, რომ ზაფხულში „ლეგანესეს“ ჩემთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება და ჩემი მთავარ გუნდში დაწინაურება სურს. ეს ძალიან დიდი სტიმულია და იმედია, ზაფხულში ჩემი მოლოდინი გამართლდება“, – ამბობს პირველ არხთან თორნიკე ახვლედიანი.