ახალწვეულები ახალი სეზონისთვის - „სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
ახალწვეულები ახალი სეზონისთვის - „სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით, გუნდი „წყალტუბო არენაზე“ ვარჯიშობს.
 
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „სამგურალი“ ლევან კაკულიამ, ნიკოლოზ გაბაძემ, ლევან ლიპარტელიანმა და გიორგი გაგნიძემ დატოვეს. რაც შეეხება დამატებულებს: ლიგა 2-ის კვალობაზე, გუნდს კარგი ახალწვეულები ჰყავს – „გაგრადან“ მეკარე ბექა ქურდაძე და მცველი ომარ პატარკაციშვილი მიიწვიეს, ხოლო მარტვილის „მერანიდან“ – თავდამსხმელი უშანგი ბანძელაძე და შემტევი ნახევარმცველი ბაქარ ლაღაძე.
ამას გარდა, „სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში ნათამაშები ორი ფეხბურთელითაც გაძლიერდა: ქუთაისის „ტორპედოდან“ საყრდენი ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა გადაიბირეს, ხოლო საჩხერის ,,ჩიხურადან” – შემტევი ნახევარმცველი დემურ ჩიხლაძე.
პირველი შეკრებაზე „სამგურალი” ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველ ამხანაგურ შეხვედრაში წყალტუბოელები მარტვილის ,,მერანს” 25 იანვარს,,წყალტუბო არენაზე” დაუპირისპირდებიან. მეორე მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
თებერვლის დასაწყისში უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილები თურქეთში გაემგზავრებიან, ანტალიაში ორკვირიან შეკრებას გაივლიან და ხუთ სპარინგ-მატჩს ჩაატარებენ.