ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად საყოველთაო-სახალხო კომისიის შექმნაზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად საყოველთაო-სახალხო კომისიის შექმნაზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო კომისიას შექმნის. დადგენილების პროექტის განხილვა და კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნის მიზნით ჩატარებულ კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც აცხადებენ, რომ საკუთარი მოთხოვნების შესრულებამდე პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ კენჭისყრაზე მოხდება.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ისინი ხელისუფლებისგან შეთანხმების სრულად დაცვას ითხოვენ.

„დღეს ჩვენ გამოვდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან ერთი დღით და მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხი არის საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბოლომდე პირნათლად შევასრულოთ ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები. ამავე დროს, ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს შეთანხმების ყველა პირობა მათ შორის, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ამ მუხლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგება და შემდგომ პროცესში, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილების საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძეც შეთანხმების ყველა ნაწილის შესრულების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.

„შეთანხმების არსიდან გამომდინარე, ვაპირებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას დავუჭიროთ მხარი, თუმცა მიგვაჩნია, ეს ცვლილებები ბოლომდე რომ იყოს მოყვანილი და იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღოთ მაგალითად საჯარო განხილვებში, მეორე ნაწილი ამ შეთანხმებისა უნდა შესრულდეს, ანუ პოლიტიკური დევნილები უნდა იყვენენ გათავისუფლებული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა არარელევანტურია და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ბუნებრივია, შეთანხმებას, რომელიც დადებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, ბოლომდე მივიყვანთ. მასში არ არის არანაირად საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, რომელიც ისედაც არ არსებობს საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, რომელთაც გასულ კვირაში განაცხადეს, რომ აქტიური საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვას აპირებენ და კენჭისყრაში მონაწილეობას გეგმავენ.

რაც შეეხება საყოველთაო-სახალხო კომისიის საქმიანობის ფორმატსა და შემადგენლობას, კორონავირუსიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, საზოგადოებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების გაცნობა დისტანციურად მოხდეს, ხოლო მასში მონაწილეობის მიღებას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ აპირებენ.

საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გასული კვირის ბიუროს სხდომაზე მოხდა. კონსტიტუციური პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მომზადდა. ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სიით აირჩევა, ხოლო 30 კანონმდებელი მაჟორიტარული წესით. ასევე საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტი იქნება და იარსებებს 40 პროცენტიანი ე.წ. ჩამკეტი. ამასთან, პროექტით, დაშვებული იქნება საარჩევნო ბლოკები, თუმცა მათთვის განსხვავებული საარჩევნო ბარიერი იარსებებს. კერძოდ, საარჩევნო ბლოკისთვის საარჩევნო ბარიერი იმდენი იქნება, მასში რამდენი პარტიაც იქნება გაწევრიანებული. ზემოთ აღნიშნულის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებით განისაზღვრება ისიც, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება საარჩევნო ოლქებს, დედაქალაქს რვა მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, 22 საარჩევნო ოლქი კი, ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.