ახალი „ნაპოლის“ წარდგენა - კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლება დააანონსა, სიაში კვარაცხელიაცაა #1TVSPORT
ახალი „ნაპოლის“ წარდგენა - კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლება დააანონსა, სიაში კვარაცხელიაცაა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ ახალი სეზონის დაწყებამდე გულშემატკივრებს დიმაროში წარუდგინეს, სადაც გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მოთამაშეებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება დააანონსა – იტალიური მედიის ცნობით, ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც მოიაზრება.

საღამოზე გუნდმა წარადგინა 2023/2024 წლების სეზონის ახალი ფორმა, რომელზეც მესამე სკუდეტოა გამოსახული. იტალიის ჩემპიონებმა დიმარო ფოლგარიდას ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს გულშემატკივრებს შორის, რომლებიც ფეხბურთელებს ემოციებით შეხვდნენ.

სცენაზე პირველი გუნდის ახალი მწვრთნელი რუდი გარსია ავიდა და ქომეგებს მიესალმა: „რაც აქ ჩამოვედი, გუნდისადმი გულშემატკივრების დამოკიდებულებამ გამაოგნა. გმადლობთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გუნდი ყოველთვის გრძნობს“.

ტექნიკური შტაბისა და სამედიცინო პერსონალის შემდეგ ფეხბურთელები ამპლუების მიხედვით გამოჩდნენ – მეკარეები, მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები. აღლუმის მონაწილეებიდან განსაკუთრებული ოვაციებით ხვიჩა კვარაცხელიას სახელს სკანდირებდნენ.

შემდეგ ფანებს გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მიმართა: „მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს მობრძანებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ თქვენი სიხარულისთვის. 2029 წლამდე გავახანგრძლივეთ კონტრაქტი გუნდის კაპიტანთან, ჯოვანი დი ლორენცოსთან. უახლოეს დღეებში მალე შეიტყობთ, კიდევ ვისთან განვაახლებთ ხელშეკრულებას. რუდი გარსიასთან ერთად, კონკურენტუნარიან გუნდს ვაშენებთ და კასტელ დი სანგროში შეკრების შემდეგ გეტყვით, ახალ სეზონში რა მიზანს დავისახავთ“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

საღამო ემოციურად დასრულდა – „ლურჯების“ კაპიტანმა გუნდთან ერთად საჩემპიონო თასი (სკუდეტო) ჯგუფ Queen-ის ცნობილი ჰიტის „ჩვენ ვართ ჩემპიონები“ (We are the champions) ფონზე ასწია.