18 იანვრიდან ბათუმი ზამთრის თასს უმასპინძლებს
18 იანვრიდან ბათუმი ზამთრის თასს უმასპინძლებს

ზამთრის თასი 2020 წელს განახლებული ფორმატით გაიმართება. ინფორმაციას ტურნირზე, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს, ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

19 იანვარს ბათუმის სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდათა ტურნირს იხილავს. წლევანდელ გათამაშებაში ზამთრის თასისთვის საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ.

უკვე ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები მიიღებენ. გუნდები ორ სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი – ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი; ბ ჯგუფი – საქართველო, უეფა, ფიფა

უკვე მეოთხე წელია, რაც ზამთრის თასის ფარგლებში ლეგენდათა ტურნირი იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ გახდა საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები, ერთხელ კი, თურქეთი.

ლეგენდათა ტურნირის პარალელურად, 18-19 იანვარს ბათუმის სპორტის სასახლეში 15-წლამდე ფეხბურთელთა შორის გამარჯვებულიც გაირკვევა.

ტურნირს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.