ახალგაზრდული ნაკრების უახლოესი შეკრება და თამაში მაისსა და ივნისში დაიგეგმა #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრების უახლოესი შეკრება და თამაში მაისსა და ივნისში დაიგეგმა #1TVSPORT

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა გუნდის ევრო 2023-ისთვის მზადების გეგმებზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მან განაცხადა, რომ ნაკრები წელს კიდევ რამდენიმე შეკრებას გეგმავს.

– 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში, რა თქმა უნდა, თამაშები კიდევ არის დაგეგმილი. ეროვნული ნაკრების კალენდარზე ვართ დამოკიდებულები. სხვაგვარად ფეხბურთელების მოწვევას ვერ მოვახერხებთ. ამიტომ ყველა შეკრება და თამაში უმნიშვნელოვანესია.

– გასული წლისგან განსხვავებით, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე წელს 4 სანაკრებო „ფანჯარაა“. ვცდილობთ, რომ მაქსიმალური რაოდენობის თამაშები ჩავატაროთ. უახლოესი შეკრება მაის-ივნისში გვაქვს.

– მეტოქეებს რაც შეეხება, არის მოლაპარაკება რამდენიმე გუნდთან, წინასწარი დასტურიც გვაქვს. უბრალოდ, შესარჩევი ციკლი ივნისში მთავრდება და გაურკვევლობაში არიან, ჩვენი მეტოქეების ვინაობა ამის გამო მოგვიანებით გაცხადდება.

– კიდევ ვიხილავთ თუ არა ჩვენს მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებში? ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემს მუშაობაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანია, ქვეყნის პირველ გუნდში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ინტეგრირდეს.

– თავად ვილი სანიოლის მიდგომა არის მკაფიო და კარგი – ეროვნული ნაკრების ყველა შეკრებაზე ახალ სახეებს ვხედავთ და ამიტომ გამორიცხული არაფერია. უფრო მეტ ინფორმაციასაც ვფლობ, მაგრამ, ამაზე დღეს ვერ ვილაპარაკებ.