ახალგაზრდებს ხელფასების გამოყენება უნდა შეუზღუდონ - „ნაპოლის“ ფორვარდმა ფეხბურთელების პრობლემებზე ისაუბრა
ახალგაზრდებს ხელფასების გამოყენება უნდა შეუზღუდონ - „ნაპოლის“ ფორვარდმა ფეხბურთელების პრობლემებზე ისაუბრა

„ნაპოლისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა ამინ იუნესმა თანამედროვე ფეხბურთელების სატკივარზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ კარიერის შემდგომ უდიდესი პრობლემები ექმნებათ, რაშიც არსებული გარემო ხელს უწყობს.

„ახალგაზრდა მოთამაშეებს შეუძლიათ აჩვენონ შესანიშნავი ფეხბურთი, მაგრამ ცოტამ იცის, თუ როგორ დაზოგოს ფული და კარიერის დასრულების შემდგომი ცხოვრებისთვის მოემზადოს. ზოგი სწრაფად ხდება ვარსკვლავი, მათ კი დახმარება სჭირდებათ“, – ამბობს T-Online-თან ამინ იუნესი.

26 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდი ხელფასის მხოლოდ ნაწილის გამოყენების უფლება უნდა მიეცეთ: „ცუდი არ იქნება, თუ მათ თანხის ნაწილის გამოყენების უფლებას გარკვეულ ასაკამდე შეუზღუდავენ. ეს თანხა მათ საბანკო ანგარიშზე უნდა იყოს, რომლის გამოყენებასაც მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ შეძლებენ“.

ამინ იუნესმა ასეთი უჩვეულო მოსაზრება ასე ახსნა: „ფეხბურთის სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა. მოთამაშეთა ირგვლივ დიდი ცდუნებებია. მე მჯერა, რომ ფეხბურთელებს ეხმარებიან, რომ გაუნათლებლები დარჩნენ. ჩვენთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ბევრ რამეზე არ დავფიქრდეთ, ისე არ ვცხოვრობთ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. კარიერის შემდეგ კი პრობლემები იქმნება, რადგან ბევრი ფეხბურთელი უფულოდ რჩება. ხელფასის ნაწილის კარიერის შემდეგ მიღებით კი ბევრი საცდურიც გაქრება და მოთამაშეები ახალ ცხოვრებას უფრო მშვიდად დაიწყებენ“.