ახალგაზრდა თავდამსხმელს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს - იობაშვილი „დინამო თბილისში“ 2024 წლამდე ითამაშებს #1TVSPORT
ახალგაზრდა თავდამსხმელს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს - იობაშვილი „დინამო თბილისში“ 2024 წლამდე ითამაშებს #1TVSPORT

ჯადული იობაშვილი „დინამო თბილისში“ 2024 წლის ბოლომდე ითამაშებს, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისმა“ ჩვენი აკადემიის კიდევ ერთ აღზრდილთან, 18 წლის ჯადული იობაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​ჯადული იობაშვილი ჭიათურელია. „დინამოს“ აკადემიაში 11 წლიდან ვარჯიშობს, მისი აღზრდილია და კლუბის თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში უასპარეზია. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2021 წლის სეზონში ეროვნული ლიგის 36-ე ტურის მატჩში თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ შედგა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი იყო საქართველოს, 15, 16, 17 და 19-წლამდე ნაკრებების წევრი, 17 და 19-წლამდელების შემადგენლობაში 8-8 მატჩი გამართა და ორივე გუნდის შემადგენლობაში 1-1 გოლის გატანა მოახერხა.

მარტში იობაშვილი ვასილ მაისურაძემ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოიძახა, რომელიც ევრო 2022-ის ელიტ რაუნდში იასპარეზებს, სადაც ისლანდიის, რუმინეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები 23-დან 29 მარტის ჩათვლით გაიმართება, კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება კი, ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.